
'ნაციონალური მოძრაობის' პასუხი ტოტალურ რეპრესიებს
12:23:08     20-12-2012
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან აქციას გამართავენ.
პარტიის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისა და სხვა პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად აქცია 14:30 საათზე დაიწყება".
‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების განცხადებით, ქვეყანაში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა: სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარებამ, ქუთაისში პრეზიდენტისა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმამ და ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრებამ, ნათელი გახადა, რომ მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე, რაც ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყებაზე მიუთითებს.
‘’ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მათ საპარლამენტო დემოკრატიის ფასადური იერსახე არ უნდა შექმნან და პარლამენტში საქმიანობას შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
ამ დროისთვის ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ გეგმა პარტიის ოფისში მოძრაობის წარმომადგენელთა შეკრებაზე დამტკიცდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეკრებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევები აქტიურობენ სოციალურ ქსელებში.
ეკა ხერხეულიძე: ‘’არ გამოვრიცხავ, ტერმინოლოგიაში გაურკვეველ პრემიერს, კოლოქვიუმის უზადო ოსტატი ნიკა გვარამია, კარის მწიგნობართუხუცესად ყავდეს პირად პატიმრობაში. სხვა შემთხვევაში ამ კეთილშობილი კაცის დაპატიმრების მიზეზი, ლოგიკას არ ექვემდებარება.’’
სახალხო დამცველს გამოღვიძებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი გოგა ხაჩიძე.
„უჩა სად არის, ბატონი უჩა?!...“- წერს დეპუტატი და იქვე პრემიერის განცხადებას კომენტარს უკეთებს: ბატონი ბიძინა ივანიშვილი: "ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ! მეღირსა მესამე ანეგდოტი :)
მომდინარე მოვლენებს ეხმიანება საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე: "დღეს ყველა ჩვენს მობილურს უსმენენ და მე მახსოვს განცხადებები, რომ მოსმენები საერთოდ არ იქნებოდა, აბა, დღეს საიდან გამოქვეყნდა კადრები მობილურ ტელეფონზე საუბრის, დღეს მთელ ქვეყანაში ტოტალური კონტროლი მიდის. ჩვენ რა გვინდა დღეს, მართლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება რა არის ამასთან დაკავშირებით. ავდგეთ, გავჩუმდეთ და მივცეთ ტოტალური კონტროლის შესაძლებლობა – გავაკონტროლებინოთ სასამართლო, თვიმმართველობები, მივიდეთ ყველა ჩვენი ფეხით და ციხეში ჩავჯდეთ და ვთქვათ, რომ ყველაფერში ვართ დანმაშავეები და მერე რა ვქნათ? დავანგრიოთ ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე თუ... მართლა არ მესმის", - განაცხადა ვაშაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის დაკავებას, ფაქტი უკვე შეფასდა, როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალების წინააღმდეგ გალაშქრება.
გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებით პრემიერი ივანიშვილი იმ ტელეკომპანიის წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელსაც ვერ აკონტროლებს.
გოკა გაბაშვილი: მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ მისი მთავარი მიზანი არის ოპოზიციური პარტიის განადგურება, ალბათ, ყველაფერი ნათელია; მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თუ არ შეიცვლის რიტორიკას ოპოზიცია, იმოქმედებს პროკურატურის გზით, ესეც ყველაფერს ამბობს; მაგრამ დღეს ხდება მთავარი რამ: იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდეთ, ამაზე არ იყოს მსჯელობა, ღია საუბარი, ხდება იმ ტელეკომპანიის წინააღმდეგ ივანიშვილის გალაშქრება, რომელიც არის პოპულარული და რომელსაც ის ვერ აკონტროლებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი "საქართველოში ვერავინ დაამკვიდრებს იმ რეჟიმს, რასაც ესწრაფიან".
"დღეს ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო ბრალდებით. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ტელევიზიის მფლობელებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა, ეს არ არის ჩემი გამოგონილი. მფლობელებს ვერაფერი ვერ უპოვეს და ვერც უპოვიდნენ და დირექტორი დააკავეს, ასევე სრულიად ყალბი ბრალდებით. ძალიან სწრაფად და ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი იმათთვის, ვინც ამას აკეთებს, მე მინდა, ისინი გავაფრთხილო. საქართველოში ვერავინ დაამკვიდრებს იმ რეჟიმს, რასაც ისინი ესწრაფვიან და ძალიან ახლოს არიან სახიფათო ზღვართან. ამას ვამბობ, როგორც პრეზიდენტი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც აქვს მათ შორის, ისტორიული მახსოვრობა და მახსოვს, რა ხდებოდა აქ ბოლო ათწლეულებში. მე ვითხოვ, დაუყონებლივ გათავისუფლებას თავისუფალი ტელევიზიის დირექტორის, ისევე, როგორც შეწყვეტას და აღკვეთას იმ უკანონობის, რომელიც არის და პასუხისმგებლობას იმ პირების, რომლებიც ამას ჩადიან. მინდა, გამოვთქვა არა მხოლოდ იმედი, არამედ ზუსტი რწმენა, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად და ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე მათ გონიათ. თუ ვინმეს გონია, რომ ნგრევა ინსტიტუტების, არმიის, (გენშტაბის უფროსს, რომ დააკავებ თავდაცვის მინისტრის ტუალეტთან, ამას სხვა არაფერი არ ჰქვია), პოლიციის ნგრევა, როცა პოლიციას ეუბნებიან, რომ კრიმინალს თავი უნდა დაუხარონ, თავისუფალი პრესის, ნგრევა, შენობების ნგრევა, ეს არის ის გზა, რომელსაც ქართველმა ხალხმა არჩევნებში ხმა მისცა, ძალიან სცდება. ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა სოციალური ვითარების გაუმჯობესებას და ამ ხალხისთვის პასუხი ის არის, რომ ბათუმს, ქობულეთს და სხვა სოციალური ხარჯები შეუმცირეს? და უსახლკაროთა თავშესაფარი, რაზეც ამდენი ვიმუშავეთ? ამ სოციალურად დაუცველ ხალხს, რომელსაც ასე უჭირს, დღეს რითი პასუხობენ, საკრებულოებში შეჭრებით და ვიღაცეების დაჭერებით და ეს უნდოდა იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის არსებობისთვის? მე მესმის, რატომ ეჩქარებათ ამათ, იმიტომ, რომ ვერ გრძნობენ თავს დარწმუნებულად, ვინც ასეთ სპირალში შედის, გამოდის ძალიან ჩქარა ოღონდ სხვა მიმართულებიდან ამ სპირალის. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს და სხვა ქვეყნებსაც გავლილი აქვს. მე ბევრს დავდივარ უცხოეთში, მაგრამ იქ ამ თემებზე არ ვლაპარაკობ, აქ უნდა ვილაპარაკოთ და აქ უნდა განვიხილოთ", - მიიჩნევს პრეზიდენტი.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავებას არხის მფლობელებმა და ჟურნალისტებმა სპეციალური განცხადებით უპასუხეს. ‘’ნიკა გვარამიას დაკავებას აღვიქვამთ, როგორც პირდაპირ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშაულებაზე და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობას“,- ეს განცხადება გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელ გიორგი ყარამანაშვილმა გააკეთა.